ეთიკის კოდექსი
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების
ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის
ეთიკის კოდექსი
1.   ზოგადი დებულებანი


1.1. აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა (შემდგომში „ეროვნული პლატფორმა“) საქართველოში რეგისტრირებული ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, სოციალური პარტნიორების, გაერთიანებაა, რომლებიც მიზნად ისახავენ ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ სამეზობლოში ინიცირებული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიზნების ხელშეწყობას და რეალიზაციას.

1.2. საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ ევროპული ინტეგრაცია, საბოლოოდ კი ევროკავშირის წევრობა, არის საქართველოს ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური განვითარების ყველაზე პერსპექტიული გზა და პლატფორმაში გაწევრიანებით იღებენ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ ამ პროცესს.

1.3. ამასთანავე, ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მუშაობისა და საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმდინარეობის ხელშეწყობისათვის, მნიშვნელოვანია ეროვნული პლატფორმის წევრთა შორის ქცევის და ურთიერთობის ეთიკური სტანდარტების დამკვიდრება და განვითარება.

1.4. ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები იღებენ ვალდებულებას, დაიცვან წინამდებარე ეთიკის კოდექსი (შემდგომში „კოდექსი“), რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ეროვნული პლატფორმის ნაყოფიერებას, აქტიურ მუშაობას და ფართო საზოგადოების წინაშე ნდობისა და ავტორიტეტის მოპოვებას.

2. კოდექსის მოქმედების ფარგლები და დანიშნულება

2.1. კოდექსის მოქმედება ვრცელდება ეროვნული პლატფორმის წევრ ორგანიზაციებზე;
2.2. კოდექსი მიზნად ისახავს ეროვნული პლატფორმის წევრთა საქმიანობის პრინციპების, ქცევის წესებისა და ურთიერთობების ეთიკური ნორმების ჩამოყალიბებას;
2.3. კოდექსი ძალაში შედის აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის საერთო კრების მიერ დამტკიცებისთანავე;

3. კოდექსი ეყრდნობა შემდეგ ძირითად ღირებულებებს :

• ადამიანის უფლებებისა და სოციალური თანასწორობის დაცვა;
• ადამიანის ღირსების პატივისცემა;
• გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრაქტიკა;
• კარგი მმართველობის პრაქტიკა;
• მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პოპულარიზაცია;
• გენდერული თანასწორობის პოპულარიზაცია;
• საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანასწორუფლებიანი დემოკრატიული მონაწილეობისათვის პირობების შექმნა;
• გარემოს მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვის ხელშეწყობა, გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაგეგმვის და განხორციელების პირობების შექმნა.
• კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების შერბილება და ადაპტაციური ღონისძიებების გატარების ხელშეწყობა (სახელმწიფო შერბილების და ადაპტაციის მოქმედებათა გეგმების შემუშავება და განხორციელება)
• კორუფციასთან, ასევე სხვა არაკანონიერ და არასათანადო ქმედებებთან ბრძოლა;
• მდგრადი პოზიტიური ცვლილების პრაქტიკისადმი ერთგულება.

4. ეროვნული პლატფორმის წევრთა საქმიანობის პრინციპები, ქცევის წესები,ურთიერთობების ეთიკური სტანდარტები

4.1. ეროვნული პლატფორმის წევრები, ესწრაფვიან რა ეროვნული პლატფორმის მიერ დასახული მიზნების მიღწევას, იღებენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ:
• პატივისცემასა და სამართლიანობაზე, კეთილსინდისიერებასა და პატიოსნებაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებას;
• კოლეგიალობას;
• კონსტრუქციულ კრიტიკას;
• განსხვავებულ მოსაზრებათა და შეხედულებათა პატივისცემას;
• საკამათო საკითხების კონსტრუქციულ განხილვას;
• ეთიკური დიალოგის წარმართვას;
• გამჭვირვალე გარემოს შექმნას, ნაკლოვანებებისა და ხარვეზების გამოაშკარავებას;
• მუდმივ კონტაქტსა და თანამშრომლობას, ანგარიშვალდებულებას სამოქალაქო საზოგადოების წინაშე;
• კოლეგების საქმიანობის ობიეტურ შეაფასებას.
• სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებასა და შესრულებას;

4.2. ეროვნული პლატფორმის წევრები, ესწრაფვიან რა ეროვნული პლატფორმის მიერ დასახული მიზნებისა შესრულებას, იღებენ ვალდებულებას არ დაუშვან :
• ავტოკრატული ქმედებები;
• დესტრუქციული ქმედებები, რომლებიც ხელს უშლის პლატფორმის ეფექტურ მუშაობას;
• შეურაცხმყოფელი ლექსიკა,
• დამცირება,
• ცილისწამება;
• უხეში და მიუღებელი, მათ შორის, პიროვნული კრიტიკა;
• ინტერესთა კონფლიქტი,
• დისკრიმინაცია რელიგიური, ეთნიკური, პოლიტიკური, გენდერული და სხვა ნიშნით
• ეროვნული პლატფორმის მიზნების დისკრედიტაცია;
• ეროვნული პლატფორმის საერთო საკომუნიკაციო საშუალებების არამიზნობრივად გამოყენება.
4.3. ეროვნული პლატფორმის წევრები, ვალდებულნი არიან იყვნენ პუნქტუალურნი, სისტემატურად დაესწრონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ფორუმის, საკორდინაციო საბჭოსა და სამუშაო ჯგუფების მუშაობაში.


5. კონფიდენციალურობა

ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან არ გაასაჯაროონ კონფიდენციალური ინფორმაცია. კონფიდენციალურად მიიჩნევა ინფორმაცია, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების შიდა მოხმარებისთვის, ან რომელიც ხელმისაწდმომია სამუშაო პროცესში მის ოფიციალურ გამოქვეყნებამდე.

6. ხელისუფლებასთან თანამშრომლობა

ეროვნული პლატფორმა თანამშრომლობს ხელისუფლების ორგანოებთან, თუ ეს ეხმიანება მის მიზნებსა და არ ზღუდავს მის დამოუკიდებლობას. საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრმა ორგანიზაციებმა წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ სახელმწიფო ორგანოების მცდელობას, შეზღუდონ საზოგადოებრივი ორგანიზაციების უფლებები.

7. კონტროლი - თვითკონტროლი

1)დავების განხილვის მიზნით იქმნება დავების განმხილველი ორგანო, რომელიც უფლებამოსილია რეაგირება მოახდინოს ეროვნული პლატფორმის წესდებისა და ეთიკის კოდექსის ნორმების დარღვევის ფაქტებზე.
2)ეროვნული პლატფორმის ყოველწლიურ თვითკონტროლს ახორციელებს საბჭო, სპეციალური კითხვარით ჩატარებული გამოკითხვის საშუალებით წილისყრით შერჩეულ პლატფორმის წევრებში, ასევე საჭიროების შემთხვევაში გარედან მოწვეული პირის საშუალებით.


8. ეთიკის კოდექსისა ნორმების დარღვევა

8.1. წინამდებარე დოკუმენტში ჩამოყალიბებული პრინციპები წარმოადგენს ეროვნული პლატფორმის საქმიანობის საფუძველს და მათი მკაცრი დაცვა ეროვნული პლატფორმის წევრების მიერ სავალდებულოა.
8.2. ეთიკის კოდექსის მოთხოვნების დარღვევისათვის ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციის/ორგანიზაციის წარმომადგენლის მიმართ საკოორდინაციო საბჭო გამოიყენებს ეროვნული პლატფორმის წესდებით გათვალისწინებულ ზომებს.

ურთიერთობები, რომლებიც არ რეგულირდება ამ კოდექსით, უნდა გადაწყდეს შინაგანი რწმენით, ზნეობრივი და მორალური პრინციპების გათვალისწინებით.

ბეჭდვა